უკან

11 ოქტომბერი, 2025
მისაღები ოთახის დიზაინი — ყველაფერი, რაც მყუდრო ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ
რჩევები უკეთესი სივრცის მოსაწყობად!დაფიქრებულხართ, რატომ ვცდილობთ ასე მონდომებით, რომ მისაღები ოთახი განსაკუთრებულად მოვაწყოთ? იმიტომ, რომ სახლი ჩვენთვის ერთგვარი თავშესაფარი, მისაღები ოთახი კი მისი ცენტრალური ნაწილია. შესაბამისად, დიზაინი, გამოყენებული ფერები, განათება, ავეჯის განლაგება და მასალების ფაქტურა გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და კომფორტზე.
კარგად დაგეგმილი სივრცე სტრესს გვიმცირებს, შთაგვაგონებს და შინაგანი სიმშვიდის პოვნაში გვეხმარება. ამ ბლოგში, სწორედ მოცემულ საკითხებს განვიხილავთ და დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” იმ რამდენიმე რჩევასაც გაგიზიარებთ, რომლებიც ასეთი მისაღები ოთახის მოწყობაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე მისაღები ოთახის დიზაინის მთავარი მიმართულებები
დღეს მისაღების დიზაინი ერთ კონკრეტულ ჩარჩოში აღარ ექცევა. იქიდან გამომდინარე, რომ პრიორიტეტული ადამიანის კეთილდღეობა, მისი კომფორტი და ინდივიდუალიზმის გამოხატვა გახდა, ინტერიერის დიზაინიც ამ ღირებულებების გარშემო ვითარდება.
რას ნიშნავს კომფორტზე ორიენტირებული ინტერიერის დიზაინი, ანუ „Cocooning“?
დატვირთული და სტრესული ცხოვრების სტილის ფონზე, გაგვიჩნდა მოთხოვნა, რომ სახლში ისეთი გარემო შევქმნათ, სადაც თავს დაცულად და მშვიდად ვიგრძნობთ. ამ ტენდენციას „Cocooning“ ეწოდა, რაც ინგლისურ ენაზე ჭუპრში გამოკეტვას ნიშნავს. ინტერიერის დიზაინში კი მყუდრო და კომფორტულ გარემოსთან ასოცირდება.
Cocooning ტენდენციით მოწყობილი მისაღები ოთახი ფუმფულა ავეჯითა და ღრმა სავარძლებით ეწყობა, რომლებზეც თბილი პლედი და უამრავი ბალიშია ხოლმე დალაგებული. ამ ყველაფრის მიზანია, შეიქმნას მყუდრო გარემო სრულფასოვანი დასვენებისა და განტვირთვისთვის.
ბუნებასთან კავშირი და ბიოფილური ინტერიერის დიზაინი
თანამედროვე ინტერიერში სულ უფრო მეტად იგრძნობა ბუნებასთან კავშირის აღდგენის სურვილი, რადგან ასეთი გარემო ამშვიდებს, ხსნის სტრესს და დადებითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ მისწრაფებას ბიოფილური ინტერიერის დიზაინი ჰქვია და მისაღებ ოთახში ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირებას გულისხმობს.
ბიოფილური დიზაინის დაგეგმვისას დიზაინერები მაქსიმალურად ითვისებენ ბუნებრივ განათებას და იყენებენ ბუნებრივ მასალებს, ხეს ან ქვას. ამასთან, არჩევენ ისეთ ფორმებს, რომლებიც ბუნებაში გვხვდება. მაგალითად, სწორხაზოვანი, მკაცრი ფორმების ნაცვლად, მომრგვალებულ დივნებს, ოვალურ ყავის მაგიდებსა და თაღოვან სარკეებს ანიჭებენ უპირატესობას.
პერსონალიზაცია, რომელიც მინიმალიზმითა და მაქსიმალიზმით გამოიხატება
წლების წინ ინტერიერში მხოლოდ თეთრი ან რუხი ფერები გამოიყენებოდა, თუმცა ნელ-ნელა შეიცვალა ხედვა, რომ ოთახები მხოლოდ ერთ ტონში უნდა იყოს გადაწყვეტილი. დღეს ყველა ვცდილობთ, საცხოვრებელი სივრცე საკუთარ ხასიათს მოვარგოთ, რაც მაქსიმალიზმში ან მინიმალიზმში ვლინდება.
მაქსიმალიზმი აგებულია პრინციპზე „მეტი უფრო მეტს ნიშნავს“. ეს ფერების, პატერნებისა და ტექსტურების ერთმანეთთან თამამ შერწყმას გულისხმობს. წიგნების, ნახატებისა თუ სხვადასხვა ნივთების კოლექციები ინტერიერის მთავარი ნაწილი ხდება და მფლობელის პირად ისტორიას ჰყვება.
მეორე მხრივ, მინიმალიზმში პერსონალიზაცია ნივთების ზედმიწევნით შერჩევით მიიღწევა. ასეთი ინტერიერის მქონე მისაღებში ყველა ნივთი მაღალი ხარისხის, ფუნქციური და მეპატრონისთვის პირადი მნიშვნელობის მატარებელი უნდა იყოს.
მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინები
მოდერნი კონკრეტულ ისტორიულ პერიოდთანაა — XX საუკუნის დასაწყისიდან შუა ხანებამდე — დაკავშირებული. ამ ეპოქაში მისაღები ოთახის დიზაინში გამოყენებული ყველა ელემენტი პრაქტიკული დანიშნულების უნდა ყოფილიყო. სტილის მთავარი მახასიათებლები დღემდე უცვლელია: გამოიყენება სწორი, სუფთა ხაზები და ბუნებრივი მასალები, რაც საბოლოოდ სადა და ზედმეტი დეკორაციებისგან თავისუფალ სივრცეს ქმნის. გამოდის, რომ მოდერნი, გარკვეულწილად, მინიმალიზმის იდეას ეფუძნება.
მისგან განსხვავებით, კონტემპორარი (Contemporary) რომელიმე კონკრეტული ეპოქის გამოძახილი არ არის. ის მხოლოდ იმას ასახავს, რაც ამჟამადაა პოპულარული და მუდმივად ვითარდება. მართალია, კონტემპორარის სტილში გადაწყვეტილ მისაღებსაც ახასიათებს სუფთა ხაზები, თუმცა მასში უფრო მეტად მომრგვალებული ფორმები, მკვეთრ ფერებს შორის კონტრასტები და სკულპტურული დეკორაციები გამოიყენება. ინტერიერის დიზაინის ეს მიმართულება ნეიტრალურ ხასიათს ატარებს, რადგან არც მინიმალისტურია და არც სრულად მაქსიმალისტური.
მინიმალიზმი კი სტილზე მეტად იდეაა, რომელიც პრინციპით „ნაკლები ნიშნავს მეტს“ ხელმძღვანელობს. ის სივრცეს ათავისუფლებს ყოველივე ზედმეტისგან და ტოვებს მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებს. აქ მთავარი როლი ენიჭება თავისუფალ სივრცეს, მონოქრომულ ფერებს (თეთრი, რუხი, ბეჟი) და სიმშვიდის განცდას.
სკანდინავიური დიზაინი კი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან მოდის. მისი მთავარი მიზანია კომფორტი, დიდი რაოდენობით ბუნებრივი განათება და ფუნქციური ელემენტები მისაღებ ოთახში ერთმანეთს შეურწყას. ამ სტილისთვის დამახასიათებელია ღია, ნეიტრალური პალიტრა, რომელიც გრძელი ზამთრის პირობებში ბუნებრივი სინათლის ეფექტს აძლიერებს. ღია ფერის ხისა და თბილი, ბუნებრივი ქსოვილების გამოყენება კი ინტერიერს სადა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მყუდრო იერს სძენს.
Japandi, როგორც ორი სტილის სინთეზი
ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტილი "Japandi"-ა, რომელიც იაპონური მინიმალიზმისა და სკანდინავიური პრაქტიკულობის სინთეზით მიიღება. ამ სტილის მისაღები ოთახის მოსაწყობად გამოიყენება ორივე კულტურისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მასალები, განსაკუთრებული აქცენტი კი ღია ფერის ხეზე, ბამბუკსა და რატანზე კეთდება. ფერთა პალიტრა მშვიდი და ნეიტრალური, ავეჯი კი დაბალი, სადა ორნამენტების მქონე და აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს.
მისაღები ოთახის დიზაინი 2025 — ფერთა როგორი პალიტრა გამოიყენება წელს?
მისაღები ოთახის ფერები და გამოყენებული მასალები სივრცეს ხასიათსა და განწყობას სძენს. დღეს დიზაინში ორი ძირითადი ფერის დომინირება შეინიშნება. წელს აქტიურად გამოიყენება ბუნებიდან შთაგონებული მიწისფერი ტონები, მაგალითად, თბილი ყავისფერი, ხავსისფერი მწვანე, ბეჟი და ტერაკოტა.
მეორე მხრივ, ძალიან მოთხოვნადია ე.წ. ფერებით გაჟღენთილი ოთახები, სადაც კედლები, ავეჯი და დეკორიც კი ერთ ფერშია გადაწყვეტილი. გამოიყენება ისეთი ფერები, როგორებიცაა: ზურმუხტისფერი მწვანე, საფირონისფერი ლურჯი ან მუქი შინდისფერი.
რჩევები მისაღები ოთახის მოსაწყობად
როდესაც გადაწყდა, რომ ბინები თბილისში და ბათუმში უნდა აგვეშენებინა, მაშინვე გვქონდა იდეა, მომხმარებლისათვის ისეთი სივრცე შეგვეთავაზებინა, სადაც სასურველი სტილის ინტერიერს მოაწყობდა, საკუთარი ხასიათის გამოხატვას კი დაუბრკოლებლად შეძლებდა. დღეს კომპანიის პორტფოლიოში რამდენიმე ასეთი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია. ახლა კი გვსურს, გაგიზიაროთ რჩევები ისეთი მისაღები ოთახის მოსაწყობად, რომელიც ჩაიფიქრეთ.
სწორად გამოიყენეთ ღია და მუქი ფერები
თეთრი, ღია რუხი და პასტელური ტონები, სინათლეს ირეკლავს და სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს. ღია ფერები კარგი არჩევანია მისაღები ოთახისთვის, რადგან ამ სივრცეს სინათლე ძალიან უხდება. თუმცა, იმისათვის, რომ ინტერიერი კლინიკას ან რომელიმე კომერციულ დაწესებულებას არ დაემსგავსოს, ის ტექსტურებითა და მასალებით უნდა გაამდიდროთ.
მუქ ფერებში გადაწყვეტილი მისაღებიც შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, ამიტომ არ ღირს მკვეთრ ფერებზე დასაწყისშივე უარის თქმა. განიხილეთ და სწორად შეარჩიეთ მუქი ტონები, მაგალითად, მუქი ლურჯი, მწვანე ან ნახშირისფერი ოთახში მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ მთლიანი სივრცის მუქ ფერში შეღებვა ზედმეტად თამამი ნაბიჯია, შეგიძლიათ ის აქცენტის სახით ერთ კედელზე გამოიყენოთ.
მისაღები ოთახის დიზაინი გაამდიდრეთ ტექსტურებით
სხვადასხვა სახის ტექსტურები ინტერიერის გამოსაცოცხლებლად გამოიყენება. ფაქტურების შეხამებით სივრცე ნაკლებად მონოტონური ხდება. თუ მისაღებ ოთახში ერთი ფერის გამოყენებას აპირებთ, მაშინ გირჩევთ, რომ ის ტექსტურებით გაამრავალფეროვნოთ.
შეგიძლიათ, ერთმანეთს შეუხამოთ უხეში და რბილი ზედაპირები. მაგალითად, გამოიყენეთ ხავერდის ან ბუკლეს ქსოვილის დივანი, ხის სადა ზედაპირის მქონე ყავის მაგიდა, თითბერის თბილი მეტალის სანათი და ჯუთის ბუნებრივი ხალიჩა. ასეთი კონტრასტით სივრცე ვიზუალურად უფრო მიმზიდველი და კომფორტული გამოვა.
სწორად შეარჩიეთ და განალაგეთ ავეჯი
თანამედროვე მისაღები ოთახის ავეჯი ადაპტირებადი და მრავალფუნქციური უნდა იყოს. მაგალითად, აქტიურად გამოიყენება ტრანსფორმირებადი დივანი, სათავსოებიანი მაგიდა ან პუფი. უპირატესობა მიანიჭეთ მომრგვალებულ სილუეტებს, რადგან ისინი ოთახის მკაცრ გეომეტრიას დაარღვევს და სივრცეს მეტად ჰარმონიულს გახდის.
ავეჯის განლაგებისას მთავარია, შექმნათ კომფორტული და ფუნქციური ზონები. ეცადეთ, დივანი კედლიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაინც დააშოროთ, ასე ოთახი უფრო დიდი გამოჩნდება. დასაჯდომი ავეჯი კი ისე დააჯგუფეთ, რომ გარშემო შემომსხდარი ადამიანები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ იყვნენ, იდეალური დისტანცია 2-3 მეტრია.
ამ ბლოგში თითქმის ყველაფერი გაგიზიარეთ, რაც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი 2025 წელსაა აქტუალური. ექსტერიერის თვალსაზრისით ბინები საბურთალოზე, ბაგებში, ორთაჭალასა და ბათუმში თანამედროვე სტანდარტებს ნამდვილად შეესაბამება, იმდენად, რომ რამდენიმე პროექტმა ამ კატეგორიაში საერთაშორისო ჯილდოც კი მოიპოვა. ინტერიერის მოწყობას კი თქვენ მოგანდობთ, მთავარია ამ რჩევებს მიჰყვეთ.





