უკან

9 ნოემბერი, 2025
სტუდიოს ტიპის ბინა — დიზაინერების მთავარი რჩევები
რა უნდა გავითვალისიწინოთ სტუდიოს ტიპის ბინებში?სტუდიოს ტიპის ბინები რთულად დასაგეგმარებელ უძრავ ქონებად მიიჩნევა, რადგან შეზღუდულ ფართობზე რამდენიმე ფუნქციური ზონის მოწყობაა საჭირო. თუმცა, პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციაში არსებობს და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ნებისმიერი კომპაქტური სივრცე შეიძლება კომფორტულ და პრაქტიკულ საცხოვრებლად იქცეს.
,,მეტროპოლის" ამ ბლოგში გიზიარებთ წამყვანი დიზაინერების რჩევებსა და ხრიკებს, რომლითაც სტუდიოს ტიპის ბინას მაქსიმალურად ეფექტურად მოაწყობთ.
მინიმალიზმი თუ მკვეთრი ფერები – რომელი მიდგომა ამართლებს პატარა სივრცეში?
დიზაინერების აზრი ორად იყოფა, როცა საქმე სტუდიოს ტიპის ბინის ინტერიერის დიზაინს ეხება. ერთი ნაწილი მხარს უჭერს ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, ლუდვიგ მის ვან დერ როეს, მიდგომას — ნაკლები ნიშნავს მეტს. ამ ხედვის თანახმად, სივრცეში არსებულ თითოეულ ნივთს კონკრეტული დანიშნულება უნდა ჰქონდეს და, იდეალურ შემთხვევაში, რამდენიმე ფუნქციასაც კი უნდა ასრულებდეს. ამ სტილის მიმდევრები ახალი ნივთის შეძენის შემდეგ ძველს ეთხოვებიან და თავიანთ საცხოვრებელ სივრცეს გადატვირთვისგან ასე იცავენ.
ამის საპირისპიროდ, დიზაინერი ტიფანი დაგანი მიიჩნევს, რომ პატარა ოთახებს თამამი ფერები და ორნამენტებიანი შპალერი უხდება. მისი აზრით, ეს მიდგომა სივრცეს ენერგიითა და დრამატიზმით ავსებს. დაგანი ამტკიცებს, რომ მინიმალიზმი არ ასოცირდება სტერილურ და უხასიათო გარემოსთან. პირიქით, კარგად შერჩეული წიგნების კოლექცია ან პირადი ნივთები ინტერიერს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს.
არჩევანი ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას შორის პირად გემოვნებაზეა დამოკიდებული. როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, პატარა სივრცის მთავარი პრობლემა რომელიმე კონკრეტული სტილი კი არა, უწესრიგობა და ერთიანი ხედვის არარსებობაა. შესაბამისად, სტუდიოს ტიპის ბინა შეიძლება იყოს როგორც მინიმალისტური, ასევე თამამი ფერებით გაფორმებული, თუ ყველა ელემენტი მიზანმიმართულად არის შერჩეული და ერთიან დიზაინერულ კონცეფციას ქმნის.
წაიკითხეთ ბლოგი ინტერიერის დიზაინის შესახებ და გაიგეთ, რა ფორმაცია განიცადა ამ სფერომ წარსულიდან დღემდე.
ავეჯის ზომა და მულტიფუნქციურობა
ხშირად ვფიქრობთ, რომ პატარა სივრცეს პატარა ავეჯი სჭირდება, თუმცა დიზაინერები საპირისპიროს გვირჩევენ. ედიტა ჩაიკოვსკას თქმით, რამდენიმე დიდი და სოლიდური ავეჯი ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ბევრი პატარა ნივთი. მას ეთანხმება სამანტა ტოსტიც და დასძენს, რომ მინიატიურული ავეჯი ოთახს დაუსრულებელ ელფერს სძენს. ამიტომ, მთავარი წესი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ ასეთია: უმჯობესია აქცენტი დიდი ზომის ნივთებზე გააკეთოთ, ვიდრე სივრცე ბევრი წვრილმანით გადატვირთოთ. სტუდიოს ტიპის ბინა, რომელიც საგულდაგულოდ შერჩეული, სრული ზომის ავეჯითაა მოწყობილი, სიმშვიდის განცდას შეგიქმნით.
შეზღუდულ სივრცეში კომფორტის შესაქმნელად, მულტიფუნქციური ავეჯი გამოიყენება. მაგალითად, გასაშლელი დივანი მისაღებს საძინებლის ფუნქციასაც შეუთავსებს, კედელში შესაკეცი საწოლი კი დღის განმავლობაში სივრცეს გაათავისუფლებს. პუფები და ყავის მაგიდები, რომლებსაც ფარული სათავსოები აქვს, იდეალურია სხვადასხვა ნივთის შესანახად.
სივრცის ზონირება და ვიზუალური ილუზიები
სტუდიოს ტიპის ბინაში სივრცის ზონირებისთვის ხალიჩის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომაა. ის ვიზუალურად აჯგუფებს ავეჯს და ფუნქციურ ზონებს, მისაღებსა და სამუშაო სივრცეს, ერთმანეთისგან მკაფიოდ მიჯნავს. თუმცა, სასურველი შედეგის მისაღებად, გაითვალისწინეთ ორი მთავარი წესი:
- შეარჩიეთ დიდი ზომის ხალიჩა, რადგან პატარა სივრცეს დაანაწევრებს;
- დივნისა და სავარძლების წინა ფეხები აუცილებლად ხალიჩაზე დადგით, რათა კომპოზიცია მთლიანი და დასრულებული გამოვიდეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სივრცის აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს ფერთა პალიტრაც. ღია ფერები, თეთრი, ღია ნაცრისფერი და კრემისფერი, სინათლეს კარგად ირეკლავს და ოთახს უფრო ნათელს ხდის. თუმცა, არც მუქი და თამამი ფერების უნდა შეგეშინდეთ. ღრმა ტონებს ინტერიერში კომფორტისა და სიღრმის შეგრძნება შემოაქვს.
მუქი ფერების გამოყენებისას ბალანსის საპოვნელად ხშირად აქცენტირებული კედლის მეთოდს მიმართავენ. ამ დროს ერთი კედელი მკვეთრი ტონით გამოიყოფა, რაც სივრცეს უნიკალურ ხასიათს სძენს და სივრცის აღქმასაც აფართოებს.
პატარა სივრცის გასადიდებლად და გასანათებლად სარკე გამოიყენება. ფანჯრის მოპირდაპირედ განთავსებული სარკე ბუნებრივ სინათლეს ირეკლავს და ოთახს ანათებს. ვიწრო დერეფნებსა და შემოსასვლელებში დიდი სარკეები სივრცეს უფრო ფართოს აჩენს. ამ შემთხვევაშიც, ერთი დიდი სარკე გაცილებით შთამბეჭდავ ეფექტს შექმნის, ვიდრე რამდენიმე პატარა.
თუ სტუდიოს ტიპის ბინას ეძებთ კეთილმოწყობილ გარემოში, გაითვალისწინეთ, რომ ბევრი დეველოპერი, ისევე როგორც ,,მეტროპოლი“, სთავაზობს მომხმარებელს ბინებს მწვანე პრემიუმ კარკასი მდგომარეობით, რაც საშუალებას გაძლევთ, რემონტი თქვენი გემოვნებით დაასრულოთ.
ვერტიკალური სივრცის ათვისება და პერსონალური შტრიხები
სტუდიოს ტიპის ბინების მოწყობისას იატაკიდან ჭერამდე სივრცის გამოყენება აუცილებელია. მაღალი და ვიწრო წიგნის თაროები, რომლებიც ჭერამდე აღწევს არა მხოლოდ დიდი მოცულობის სათავსოს ქმნის, არამედ სიმაღლის ილუზიასაც აჩენს.
ინტერიერის პერსონალიზებისთვის ხელოვნების ნიმუშების გამოყენებისას ორი მთავარი სტრატეგია არსებობს. ერთი მხრივ, შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი დიდი ზომის ნამუშევარი, რომელიც ინტერიერის მთავარი აქცენტის ფუნქციას შეასრულებს და ვიზუალურ ქაოსს შეამცირებს, მეორე მხრივ, შეგიძლიათ მოაწყოთ გალერეის კედელი, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ექსპოზიცია საერთო თემამ, ფერთა გამამ ან იდენტურმა ჩარჩოებმა გააერთიანოს. ნებისმიერ შემთხვევაში, დაიცავით მთავარი წესი: ნახატის ცენტრი იატაკიდან 145-152 სმ-ის სიმაღლეზე უნდა იყოს.
ინტერიერში ბუნების ელფერის შესატანად და სიმყუდროვის შესაქმნელად მცენარეებს იყენებენ. სტუდიოს ტიპის ბინებში უპირატესობა ენიჭება დაკიდებულ ქოთნებს, რადგან ამ გზით იატაკის სივრცე იზოგება. ამ მიზნით ხშირად ირჩევენ მცოცავ მცენარეებს, როგორებიცაა, სცინდაპსუსი და სურო. არსებული სივრცის ასათვისებლად, ასევე, იყენებენ ფანჯრის რაფებს, რომელიც მზის მოყვარული მცენარეებისთვისაა განკუთვნილი.
სტუდიოს ტიპის ბინა რომ მოაწყოთ კრეატიული და საინტერესო პროცესი უნდა გაიაროთ, სადაც სწორად შერჩეულ ავეჯს, ფერებსა და ზონირებას სივრცის სრულად გარდაქმნა შეუძლია. თუმცა, დიზაინერული ხერხების ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია საწყის გეგმარებაზე. თანამედროვე დაგეგმარების სტუდიო, სადაც სივრცე ფუნქციურად არის გადანაწილებული, საუკეთესო საფუძველს ქმნის კომფორტული და ესთეტიკური ინტერიერის შესაქმნელად.
სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“, რომლის პროექტებშიც სტუდიოს ტიპის ბინები თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით იქმნება. ამრიგად, მთავარია ბლოგში გაზიარებული რეკომენდაციები გაითვალისწინო და ეს სივრცეები თქვენი გემოვნებით მოაწყოთ.





